თუ მსაჯულების შერჩევა და მათი მონაწილეობით სასამართლო პროცესები ერთ თვეში არ დასრულდება, მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეც გავა და ის 14 აპრილს საპატიმროს დატოვებს.27 წლის არჩილ წუწუნავა დანით, სასიკვდილოდ დაჭრეს გასული წლის 15 ივლისს, გვიან ღამით ბათუმის ერთ-ერთ ბარში. კაცი კლინიკაში მიყვანამდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 29 წლის რევაზ ცეცხლაძე დააკავა. ის წარსულშიცაა ნასამართლევი.პროკურატურის ბრალდებაში აღწერილია, ბარში გინებასა და შეურაცხყოფებზე მიღებული შენიშვნის შემდეგ, როგორ გადაიზარდა კაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში და როგორ დაჭრა დანით ბრალდებულმა ახალგაზრდა კაცი.დაკავებულ რევაზ ცეცხლაძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.ბრალდებულმა მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულის შერჩევა კი 8 თვეა ვერ ხერხდება. ამ დრომდე ბრალდებისა და დაცვის მხარემ მხოლოდ 6 მსაჯული შეარჩიეს.ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი ბოლო სხდომა 14 მარტს გაიმართა. მოსამართლე ლევან ყოლბაია, დაცვისა და ბრალდების მხარეები, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ, 26 კანდიდატს გაესაუბრნენ, თუმცა მხოლოდ ერთი აირჩიეს. ერთი ბრალდებულის ადვოკატმა აიცილა, რის უფლებასაც მას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევს.2010 წლიდან საქართველოში მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ეს შეიძლება იყოს: განზრახ მკვლელობა, ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, ტრეფიკინგი - სულ 17 სხვადასხვა მუხლი. ბრალდებულს აქვს უფლება, უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე. ასეთ შემთხვევაში საქმეს მხოლოდ მოსამართლე განიხილავს.ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის ქართული და არ არის უნარშეზღუდული. თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი: ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; ასევე მოქალაქე, რომელიც ირიცხება შეიარაღებულ ძალებში; სასულიერო პირი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან სამოქალაქო რეესტრის ერთიანი სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.„ხალხით სავსე ქუჩაზე ჩემ თვალწინ მოკლეს, შუა ზაფხულში. კამერებიც იყო და 10-მდე მოწმეც. საგამოძიებო პროცესი ერთ დღეში დასრულდა და გაუგებარია, რატომ ვერ შეირჩა ნაფიცი მსაჯულები დღემდე. მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს დროულ მართლმსაჯულებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლება ნინო შაინიძე, არჩილ წუწუნავას შეყვარებული და ამატებს - „14 აპრილს გადის წინასწარი პატიმრობის ვადა. შესაბამისად, ბრალდებული აღმოჩნდებ...