რუსეთში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომით დასავლეთს უკვე მიაყენეს „სტრატეგიული მარცხი“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ, განაცხადა გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 17 მარტს, გამოქვეყნდა.გრუშკოს თანახმად, დასავლეთმა, რომლის სამი ძირითადი მიზანი იყო ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება, მისი ეკონომიკის განადგურება და „რეჟიმის შეცვლა“, საპირისპირო შედეგი მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანახმად, დღეს „კონფლიქტი მივიდა ფაზამდე, როცა სტრატეგიულ მარცხს დასავლეთი განიცდის“.რაც შეეხება უკრაინაში „კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას", გრუშკოს განცხადებით, რუსეთი მოითხოვს, რომ შეთანხმების ნაწილი იყოს „უსაფრთხოების რკინაბეტონის გარანტიები“, რადგან მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი უკრაინაში „მყარი მშვიდობის მიღწევა და მთლიანობაში რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცება“.გრუშკომ ამ გარანტიების ნაწილად დაასახელა უკრაინის „ნეიტრალური სტატუსი“ და ნატოში მის მიღებაზე ალიანსის სახელმწიფოთა უარი. ასევე ნახეთ ტრამპი პუტინთან საუბარს 18 მარტს გეგმავს რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც თავის პრიორიტეტად ასახელებს უკრაინაში ომის დასრულებას და მიიჩნევს, რომ ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, ნატოში უკრაინის მიღებას არ ემხრობა. ალიანსში უკრაინის გაწევრებას მოწინააღმდეგეები ჰყავს ევროპაშიც.11 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.ამ მოლაპარაკებიდან გასული ექვსი დღის განმავლობაში რუსეთს ცალსახა თანხმობა არ დაუდასტურებია. ასევე ნახეთ რუბიო: „გეგმა ა“ უკრაინა-რუსეთს შორის სროლის შეწყვეტა, „გეგმა ბ“ - მოლაპარაკების დაწყება რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი. ...