მარკ კარნი, რომელსაც 16 მარტს 60 წელი უსრულდება, კანადის ბანკის ყოფილი მმართველია. კარნი კანადის გარდა, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა. ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 9 მარტს ჩატარდა, მარკ კარნიმ ხმების 85%-ით გაიმარჯვა. არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. კანადის ლიბერალურ პარტიას მარკ კარნის თავმჯდომარეობით მოუწევს ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც წელს ჩატარდება. კარნის, როგორც პრემიერ-მინისტრს, მოუწევს რთული მოლაპარაკებებიც კანადის ტრადიციულ მოკავშირე და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ურთიერთობა დაიძაბა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში უნდა იყოს და პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არაერთხელ მოიხსენია „გუბერნატორად“. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეცვალოს 25%-იანი საბაჟო გადასახადებით. ტარიფების ამოქმედება აპრილამდეა გადადებული. ასევე ნახეთ ტრამპმა ისევ ერთი თვით შეაჩერა კანადისა და მექსიკისთვის საბაჟო ტარიფების ამოქმედება 9 მარტს, კანადის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ მარკ კარნიმ დონალდ ტრამპი დაადანაშაულა კანადის მიტაცების მცდელობაში და განაცხადა, რომ ამას არ დაუშვებენ. კარნის თქმით, ამერიკელებს სჭირდებათ კანადის რესურსები, წყალი, მიწა და ქვეყანა, მაგრამ კანადა არასდროს არანაირი სახით და ფორმით არ იქნება აშშ-ის ნაწილი. ლიბერალური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის მხრიდან ეგზიტენციალური გამოწვევების წინაშეა. ტრუდომ ისიც თქვა, რომ ამაყობს შედეგებით, რომლებსაც მისი 10-წლიანი პრემიერობის პერიოდში მიაღწიეს. ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრი გახდა 2015 წლის ნოემბერში. ის რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერიცაა. ჯასტონ ტრუდომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლიბერალური პარტიის ყველაზე დაბალი რეიტინგის ფონზე. მედიით გავრცელებული ცნობებით, თანაპარტიელების დიდი ნაწილი აღარ აპირებდა თავმჯდომარედ ისევ ტრუდოს არჩევას. ასევე ნახეთ კანადის თემთა პალატის სპიკერი გადადგა ზელენსკის ვიზიტისას მომხდარი სკანდალის გამო ...