რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების სია განაახლა. გამოცემა "ეხო კავკაზას" ცნობით, განახლებულ სიაში მოხვდნენ ბლოგერი ანატოლი ლევშიცი და აფხაზი პოლიტოლოგი, ჟურნალისტი ინალ ხაშიგი. ლევშიცი საქართველოში 2019 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად, ტელეგრამის არხზე მას 112 ათასი გამომწერი ჰყავს. ხაშიგმა 2004 წელს გამოსცა გაზეთი “ჩეგემსკაია პრავდა” და დღემდე მთავარი რედაქტორის ფუნქციას ასრულებს. “უცხოეთის აგენტების” სიაში ასევე შეიყვანეს ჟურნალისტი ვასილი გატოვი, პოლიტოლოგი, სახელმწიფო უშოშროების კომიტეტის და რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ჟირნოვი და პოლიტოლიგი, ლენობლასტის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატი ანტონ კლიმოვი. რეესტრიდან ამოიღეს შპს Вольные люди (თავისუფალი ადამიანები) და ენციკლოპედიური ცოდნის გავრცელების ხელშემწყობი არაკომერციული პარტნიორობა Викимедиа РУ. მოსკოვის გადაწყვეტილებას ინალ ხაშიგი უკვე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ მის “მომავალ პროფესიულ საქმიანობაზე ეს სტატუსი, დიდი ალბათობით, არ აისახება”. “როგორც ადრე ვწერდი აფხაზეთში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, ასევე გავაგრძელებ წერას და საუბარს”, – დაწერა მან ტელეგრამში. კანონი უცხოური აგენტების შესახებ რუსეთში 2012 წელს მიიღეს. კანონები, მათში შეტანილი მრავალრიცხოვანი, უფრო მკაცრი ცვლილებით, იუსტიციის სამინისტროს საშუალებას აძლევს, არაკომერციული ორგანიზაციები და პირები უცხოურ აგენტებად გამოაცხადოს, თუ ისინი ეწევიან სოციალურ ან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან ან ექვემდებარებიან უცხოურ გავლენას. ბუნდოვანი კრიტერიუმები, რომლითაც მსგავსი აქტივობა და გავლენა ფასდება, რუსეთის ხელისუფლებას განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში მომუშავე მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის საშუალებას აძლევს. კანონმდებლობას რუსული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა. კანონის ნორმები ე.წ. აგენტების რეესტრში შეყვანილმა პირებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს, მაგრამ რუსეთი მის გადაწყვეტილებებს 2022 წლიდან არ აღიარებს. ...