სირიის ლატაკიის პროვინციაში, სადაც რუსეთის საავიაციო ბაზაც მდებარეობს, შეტაკებები მოხდა სირიის გარდამავალი მთავრობის ძალებსა და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის. სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ყველაზე სასტიკი შეტაკებისას მოკლულია 70-ზე მეტი ადამიანი და ათეულობით დაჭრილია. მათ შორის, ორივე მხარის მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ამასთან, სირიის საინფორმაციო სააგენტო Step-ი წერს, რომ სამთავრობო ძალების მებრძოლებმა გაანადგურეს ასადის რეჟიმის 70-მდე მხარდამჭერი და 25-ზე მეტი დაატყვევეს. 6 მარტს, სირიის სააგენტო Sana იუწყებოდა, რომ ასადის შეიარაღებული მომხრეები თავს დაესხნენ ქალაქ ჯებლის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოს. მის მახლობლად მდებარეობს რუსეთის ავიაბაზა „ხმეიმიმი“. სირიის გარდამავალმა მთავრობამ ლატაკიის პროვინციაში დამატებითი ძალები გაგზავნა და რეგიონში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა. სხვადასხვა წყაროს ცნობებით, შეტაკებებია ტარტუსში, ჰომსსა და ალეპოშიც. სირიის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ასადის მომხრეებისადმი გარდამავალი მთავრობის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ჰასან ღანის მიმართვა, რომ მაშინ, როცა ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა იარაღის დაყრა და ოჯახებში დაბრუნება, ზოგიერთები განაგრძობენ მკვლელებისა და დამნაშავეების დაცვას და მათ უნდა აირჩიონ - იარაღის დაყრა, ან გარდაუვალი განადგურება. ასევე ნახეთ აჰმედ ალ-შარაა სირიის ახალ პრეზიდენტად გამოცხადდა სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა. ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS). 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს. ასევე ნახეთ ევროკავშირი შეაჩერებს სირიის ენერგეტიკული, საბანკო და სატრანსპორტო სისტემების წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს ...