პროევროპულ აქციაზე დაკავებული რევაზ (რეზო) კიკნაძე აცხადებს, რომ მე-6 დღეა ციხეში შიმშილობს. ამის შესახებ მან 5 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. კიკნაძის თქმით, შიმშილობის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ მას წინა სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლება არ მისცეს. "წინა სასამართლო სხდომაზე არ მომცეს საუბრის საშუალება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე-6 დღეა ვშიმშილობ, ეგეც არის, რაღაც აბსურდული ბრალდებით გამომკეტეს აქ და თავის დასაცავი სიტყვის უფლებაც არ მაქვს? მეორე - რის გამოც ვშიმშილობ, არის ის, რომ ჩემს ადვოკატს პოლიციელებს უგზავნიან და ანუ, გამოდის, ჩემს ადვოკატს ჩემი დაცვის უფლებას უზღუდავენ. კიდევ არის მრავალი მიზეზი, მაგრამ ახლა, ამ ორს დავასახელებ. თან ამბობენ, რომ შენს საქმეს უნდა ეხებოდეს შენი სიტყვაო, პირველი წინადადებიდან როგორ საზღვრავ, ჩემს საქმეს ეხება თუ არა?", - თქვა რევაზ კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე. გარდა ამისა, ვრცელი სიტყვის დროს მან თქვა, რომ საპროტესტო აქციის ერთადერთი ორგანიზატორი ირაკლი კობახიძე იყო და სწორედ მის გამო იდგა იგი ქუჩაში: "თუ რაღაც დაჯგუფებაა, ორგანიზატორიც უნდა ჰყავდეს. როცა დამიჭირეს, მეუბნებოდნენ, არა ეს დაასახელე, არა ესო. რანაირად უნდა დამესახელებინა. თუ გსურთ, დავასახელებ და დაიჭირეთ - ეს არის ირაკლი კობახიძე. მე პირადად 28 ნოემბრის შემდეგ გამოვედი, ის არის ორგანიზატორი და დაიჭირეთ". три რევაზ კიკნაძის სიტყვებით, დაკავების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა და ახლა "მხოლოდ იმისთვის ღირს ცხოვრება, რატომაც ციხეშია". "ჩემი ცხოვრება მარტო იმ 3 თვის გამო ღირს, რა პერიოდიც აქ გავატარე. აქამდე სულ ვფიქრობდი, რომ ცხოვრება უაზრო იყო, მაგრამ ახლა, აზრს ვხედავ ცხოვრებაში. მაქვს შეგრძნება, რომ ვალი რაც მქონდა დაბადებიდან ქვეყნის და ხალხის წინაშე, მოვიხადე. გაჩერებას არ ვაპირებ. მადლობა მინდა გადავუხადო რუსის მიერ დამონებულ ქვეყნის მტრებს, რადგან აქ გამომკეტეს... ჩვენ ყველანი ასეთ განწყობაზე ვართ, ამიტომ არანაირი დაშინება და შანტაჟი არ გაჭრის. მექსიკელებს აქვთ გამონათქვამი: "მათ ეგონათ, რომ დაგვმარხეს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ სინამდვილეში დაგვთესეს და ახალი ნაყოფის აღმოცენებას შეუწყვეს ხელი". ზუსტად ასეა ჩვენი მდგომარეობაც - უნდოდათ, ციხეში ჩასმით დავეშინებინეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ამით ბრძოლის ჟინი და მუხტი უფრო მოგვიმატეს...", - თქვა მან, რა დროსაც სიტყვა მოსამართლემ შეაწყვეტინა და ჰკითხა, ეს კავშირში არის თუ არა საქმესთან? ამის შემდეგ საუბარში ადვოკატებიც ჩაერთნენ და ახსნეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს პოზიცია ჰქონდეს. 26 წლის რეზო კიკნაძე, რომელ...