აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, ძალაში დარჩენილიყო გადაწყვეტილება თითქმის 2 მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ, რაც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის, USAID-ის, მეშვეობით უნდა გადაეხადოს ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს იღებენ ან ხელშეკრულებით ასრულებენ სამუშაოს. ადრე ვაშინგტონში ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის ბრძანებულება ამ სახსრების გაყინვის თაობაზე და 26 თებერვლამდე მოითხოვა მათი გადახდა. აშშ-ის ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი. უზენაეს სასამართლოში ხმები გაიყო პროპორციით 5:4. ორმა კონსერვატიულად მიჩნეულმა მოსამართლემ სამ ლიბერალ მოსამართლესთან ერთად მხარი დაუჭირა ადმინისტრაციის მოთხოვნის უარყოფას. ეს ტრამპის ბრძანებით გაყინულ ყველა თანხებს კი არ მოიცავს, არამედ მხოლოდ იმას, რაც USAID-ის მეშვეობით უნდა იქნეს გადახდილი უკვე დასრულებული პროექტებისთვის. ასევე ნახეთ მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის ინიციატივები USAID-ის თანამშრომლებთან მიმართებით ტრამპმა 20 იანვარს თანამდებობის დაკავების შემდეგ ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანებით გაყინა აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამები. USAID-ის სააგენტოს მუშაობა ფაქტობრივად შეჩერდა. ბრძანების თანახმად, უცხოური დახმარების პროგრამები 90 დღით გაიყინა. პრეზიდენტმა ტრამპმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაავალა, უზრუნველყოს, რომ „გადასახადის გადამხდელთა დოლარები გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ ამერიკა გახდეს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და აყვავებული“. 15 დღის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა 9000-ზე მეტი საგარეო დახმარების გრანტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 15,9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულია, რომ შენარჩუნდა სასურსათო დახმარების დაფინანსება, აივ-ის, ტუბერკულოზისა და მალარიის სამკურნალო მედიკამენტების მიწოდება. გარდა ამისა, დატოვეს დამხმარე პროგრამები ლიბანის, ჰაიტის, ვენესუელის, კუბისა და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ამერიკული გრანტები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროცესში გაუქმდა 4100-ზე მეტი გრანტი, რითაც დაზოგეს $4,4 მილიარდი დოლარი. არაერთმა ორგანიზაციამ, რომლებიც გრანტებს იღებენ, შეიტანა სარჩელი დახმარების გაყინვის შესახებ ბრძანების გაუქმების ან გადახედვის მიზნით. ისინი ამტკიცებენ, რომ ადმინისტრაციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, რადგან USAID-ის სახსრები კონგრესმა გამოყო. საქმის არსებითი მხარე ჯერ არ განხილულა. ...