რუსეთის პოლიტიკურმა პარტია „იაბლოკომ“ გამოაცხადა, რომ ტოვებს ALDE-ს („ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“), რომელიც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ახლახან არასასურველი ორგანიზაციების ნუსხაში შეიტანა. „იაბლოკოს“ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ ALDE-ის პოზიცია მიმართულია მისი კიდევ უფრო მეტად ესლაკაციისკენ, საომარი მოქმედებების გაგრძელების მხარდაჭერისკენ, ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტანი თანამედროვე იარაღის გამოყენების გაფართოებისკენ - მიუღწეველი გამარჯვების მიზნებითა და მსხვერპლის უსაზღვრო რაოდენობის ფასად“. „იაბლოკო“ კი მხარს უჭერს „პრინციპულად განსხვავებულ პოზიციას ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლის აუცილებლობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ორშაბათს გამოაცხადა ALDE და მისი ახალგაზრდული ფრთა არასასურველ ორგანიზაციად. უწყებამ ალიანსს უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალა ევროპის კავშირში“. ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში ALDE-ს ვებსაიტზე ნათქვამი იყო, რომ ალიანსის წევრებს შორის „იაბლოკოც“ არის, ისევე, როგორც რეგისტრაციის არმქონე რუსეთის ოპოზიციური პარტია „პარნასი“. ამჟამად ბმულზე ინფორმაცია არ იძებნება. ALDE აერთიანებს 76 ლიბერალურ-დემოკრატიულ პროევროპულ პარტიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მის წარმომადგენლებს ევროპარლამენტში 720-დან 49 ადგილი აქვთ. ესაა წამყვანი ძალა ფრაქციისა „ევროპის განახლება“, რომელიც ევროპარლამენტის უმრავლესობის ნაწილია. პარტიის წარმომადგენლები არიან ევროკომისიის წევრებს შორის. ALDE აერთიანებს პარტიებს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ, მაგალითად, უკრაინულ პარტია „ხალხის მსახურსაც“, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონი რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს. იქ ორგანიზაციის საქმიანობის არასასურველად აღიარება ნიშნავს, რომ მასთან თანამშრომლობისთვის ადამიანები შეიძლება ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ. ასევე ნახეთ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად აღიარა ევროპარლამენტის პარტია ALDE ...