მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350“-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, ცოტნე თვარაძის მიმართ ძალადობის საქმეზე. სასამართლოს მიერ 4 მარტს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, გიორგი მერკვილაძეს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მის წინააღმდეგ საქმე განიხილებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. თავად გიორგი მერკვილაძე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს. მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ინფორმაციით, ინციდენტი, რაშიც ინვესტორი სასამართლომ გაამტყუნა, 2023 წლის 10 ოქტომბერს მოხდა მარტვილში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისში, სადაც კანიონზე მშენებლობის თაობაზე შეხვედრა მიმდინარეობდა. მოძრაობის წევრმა ცოტნე თვარაძემ, რომლის მიმართ ძალადობის გამოც ინვესტორს ჯარიმა დაეკისრა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგი მერკვილაძე სოფელ ბალდის მცხოვრებლებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. „როცა შეხვედრაზე შევედით, ზაზა გაგუამ [მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი] გვითხრა, რომ ეს შეხვედრა იყო დახურული და ჩვენ იქ არ გველოდნენ, რაზეც კარგიო, ვუპასუხეთ და უკან მოვბრუნდით. კარში როცა გავდიოდით, ამ ინვესტორმა, გიორგი მერკვილაძემ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. ჯერ მიმართა ზაზა გაგუას, რომ - წიხლით უნდა გაყაროო ესენიო. შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა და ხელით შეგვეხო. ჩვენ არ ავყევით ამ დაპირისპირებაში და პოლიცია გამოვიძახეთ“, - თქვა ცოტნე თვარაძემ. „კანიონი 350“-ის დირექტორი კი მიიჩნევს, რომ სასამართლომ „მიკერძოებული“ გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ ცოტნე თვარაძის ჩვენების საფუძველზე. გიორგი მერკვილაძე უარყოფს ვინმეს ცემას. ამბობს, რომ ინციდენტი მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად დაიგეგმა კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მოწინააღმდეგეების მიერ. „ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. მოსამართლემ სხდომაზეც განაცხადა, რომ მე გადაწყვეტილებას ვიღებო მხოლოდ ცოტნე თვარაძის სიტყვებითო. მართალია ექსპერტიზით არ მტკიცდებაო, რომ მან ტკივილი განიცადაო, მაგრამ ჩვენ გვეუბნება, რომ ტკივილი განიცადაო. ანუ, ფაქტობრივად განაჩენი გამოიტანეს იმ სიტყვების გამო, რომ მან [ცოტნე თვარაძემ] ტკივილი განიცადა იმის გამო, რომ ოთახიდან გავაგდე. ის ოთახში შემოიჭრა და თვითნებურად იღებდა და რამდენი კანონი დაარღვია თავად მან, ეგ არავინ იცის. ეს იყო მიკერძოებული გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ“, - განაცხადა გიორგი მერკვილაძემ. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე გ...