ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში გაემგზავრა. "სისტემა არის რეალურად მორყეული, არ მუშაობს დაცულად, არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ საქმე", - თქვა მან. "ანუ სისტემიდან დაგეხმარნენ?" - ჰკითხა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რაზეც ბაჩიაშვილმა ასე უპასუხა: "სისტემაში არსებული ხვრელები და, მათ შორის, ადამიანებიც გამოვიყენე". ბაჩიაშვილმა არ განმარტა, გულისხმობს თუ არა სისტემაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს. ჟურნალისტის კითხვას, როგორ მოახერხა ქვეყნიდან გასვლა იმ პირობებში, როდესაც მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მუდმივად უთვალთვალებდნენ, ბაჩიაშვილი პასუხობს: "როდესაც ადამიანებს ვერ სჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით. ზუსტად ეს თვალთვალი და ამდენი ხალხი გამოვიყენე იმისათვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა. ისინი არ არიან მოტივირებული. ეს ხალხი, შეიძლება, დავალებებს "ბუკვალურად" ასრულებს, მაგრამ იმ ქმედებების უკან რა არის, ამას არ უკვირდებიან და ვერ აანალიზებენ. ამაშია პრობლემა. გახრწნილია სისტემა, გადასულია მომიტინგეების თვალთვალზე. მე მითვალთვალებდნენ, მაგრამ არ ვიცი, ცოტა მეტად ჭკვიანი ხალხი რომ ყოფილიყო, მე გარეთ არ ვიქნებოდი". მოგვიანებით, ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში ბაჩიაშვილმა განმარტა რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც მას ქვეყნიდან გასვლაში დაეხმარა "არცერთი კაპიკი არ გადაუხდია". "არცერთი კაპიკი არ გადამიხდია. ზოგი თხოვნით, ზოგი საკუთარი ინიციატივით, ზოგი "სასარგებლო იდიოტის" ფუნქციას ასრულებდა - როდესაც ადამიანს ეუბნები სპეციალურად, თითქოს სადღაც იცი რომ მიიტანს ამ ამბავს და ეს ამბავი სიმართლედ საღდება ხოლმე", - თქვა მან. ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მან საქართველო დატოვა - „ჩემს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდა“ გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც ივანიშვილი ბოლო წლების განმავლობაში დაუპირისპირდა და პროკურატურაში უჩივლა, 4 მარტს, დილით, სასამართლო პროცესამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. „უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ“, - დაწერა ბაჩიაშვილმა ფეისბუქზე. ბაჩიაშვილს 2023 წლის ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები. გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო „სანდო ინფორმაცია“ მისი უსაფრთხოებისათვის შექმნილი „რეალური საფრთხეების“ შესახებ, რასაც, მისი თქმით, „დღევანდელ საქართველოში შე...