ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტში მაუწყებლობის კანონში ცვლილებების განხილვისას, სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოვიდა. „დღეს ტელევიზიასთან, რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და ამ წინადადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეს მიმართა. ასევე ნახეთ რა ელის მაუწყებლებს? ყველაფერი ახალი შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ "ოცნების" კანონპროექტებში 4 მარტს სადავო პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტით, სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები. მოლოდინს ამძიმებს უნდობლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომელსაც „ოცნება” კონტროლისა და დასჯის არეალს უფართოებს. სუსტდება მედიის თვითრეგულირების მექანიზმი. ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" ონლაინმედიის რეგულაციაზე მუშაობასაც არ გამორიცხავს კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება, თუ ისინი: ახალი ამბების გაშუქების დროს არ დაიცავენ „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს - რა იგულისხმება ამ ტერმინებში, განმარტებული არ არის; ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს; წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა); „სამართლიანობის პრინციპით“ თუ არ შეირჩევა პირდაპირ ეთერში შესული ზარები (დაუშვებელია ერთი შეხედულების გამოხატვა); სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ; პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს. ამ დრომდე ტელევიზიებსა და რადიოებს ყველა ამ დარ...