როგორც კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, კანონპროექტები "ნაჩქარევად", შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე მიიღეს, რაც "ძირს უთხრის ამ ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მასობრივი საპროტესტო აქციების ფართო პოლიტიკურ კონტექსტს". კომისიის შეფასებით, კანონშემოქმედებითი პროცესი იყო ფუნდამენტურად ხარვეზიანი. "ცვლილებებით, ახალი წესები უამრავ ბუნდოვან დებულებას შეიცავს, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში. კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. მეტიც, ცვლილებებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სხვადასხვა შემაკავებელი ზომის შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა", - ვკითხულობთ დასკვნაში. ვენეციის კომისია წერს, რომ ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, "გადაჭარბებულია". "ასეთ ზომებს მსუსხავი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე". ვენეციის კომისიის შეფასებით, ფინანსური ჯარიმები უნდა იყოს დანაშაულის პროპორციული და, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სამართალდამრღვევის სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტიც. "ჯარიმები ისეთ წვრილმან დარღვევაზე, რითაც საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება, უნდა იყოს შესაბამისად დაბალი და იგივე, როგორიც არის სხვა ისეთ წვრილმან დარღვევებზე, რომლებიც შეკრებასთან დაკავშირებული არაა", - წერია ანგარიშში. ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რვა კანონში შევიდა, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება. ესენია: შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; სისხლის სამართლის კოდექსი. კანონის ცვლილება შეეხო წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, რომელიც აქამდე ისჯებოდა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე. ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ გაიზარდა - ცვლილებით, თანხა განისაზღვრება 500-დან 3000 ლარამდე; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება. ასევე, ვანდალიზმი კვლავ დაისჯება პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი - 2000 ლარით. მაგრამ განმეორების შემთხვევაში, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება. პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა დაისჯება 2000-დან 5000-მდე ლარით ან 60 დღემ...