უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, მიხაილ დრაპატის განცხადებით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბა ჩერკასკოესთან რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ. ეს დასახლება ფრონტის ხაზიდან ასზე მეტი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დარტყმა განხორციელდა 1 მარტს, სამხედრო დანაყოფის განლაგებისას. უკრაინის მედიასაშუალებების თანახმად, პოლიგონზე იმყოფებოდნენ 157-ე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები. „ყველას, ვინც იმ დღეს გადაწყვეტილებებს იღებდა და ყველას, ვინც [გადაწყვეტილებები] დროულად არ მიიღო - პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება“, - აცხადებს დრაპატი და დასძენს, რომ მისი ინიციატივით მიმდინარეობს „დამოუკიდებელი შემოწმება სამხედრო კონტრდაზვერვის მონაწილეობით“. პოლიგონზე დარტყმის შესახებ ცნობები 1-2 მარტს გამოჩნდა როგორც უკრაინულ, ისე რუსეთის წყაროებში სოციალურ მედიაში. ტელეგრამის ომის მომხრე რუსული არხები ირწმუნებოდნენ, რომ დაიღუპა 150-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის წყაროები იუწყებიან ათობით დაღუპულსა და ბევრ დაჭრილზე. ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურებული არ არის. სახმელეთო ძალებმა პოლიგონზე დარტყმა ფეისბუკზე ოფიციალურად 3 მარტს დაადასტურეს. ასევე ნახეთ ევროპა მშვიდობის დამყარებას ცდილობს, თუმცა უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარება მძიმეა ...