„წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია... ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით დადგა და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ“, - მიმართა მან მხარდამჭერებს. გუშინ, 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მაში პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობდნენ: ადგურ არძინბა (36,92%) და ბადრა გუნბა (46,38%). ტელეგრამ არხებზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მეორე ტურში მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: ბადრა გუნბა - 56% (54 859 ხმა); ადგურ არძინბა - 42% (41 701 ხმა); ორივე კანდიდატის წინააღმდეგ - 2% (2037 ხმა). ასევე ნახეთ "თავისუფლება" თუ "სუვერენიტეტით ვაჭრობა?" - ე.წ. არჩევნების მე-2 ტური აფხაზეთში ლოიალურ და უფრო ლოიალურ კანდიდატს შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნების ჩატარება „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მიმდინარე მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო, თანამდებობა დატოვა 2020 წელს „არჩეულმა“ ასლან ბჟანიამ. ...