საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ უკვე დაიწყო ფორმალური პროცედურები პარტიის შემდეგი სახელწოდებით, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, რეგისტრაციისთვის. 27 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად საჭირო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის პარტიის ყრილობის ოქმი, მიღებულად ცნო. "ვარეგისტრირებთ, იმიტომ რომ არ გვაქვს პარტია და ხალხის მოთხოვნაა და ჩვენი მხარდამჭერების, რომ პარტია იყოს და პარტიული საქმიანობა გავაგრძელოთ", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ალტ-ინფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ. „ალტ-ინფომ” ახალი პარტიის დაფუძნების გეგმა 24 თებერვალს გამოაცხადა. მისმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ამის შესახებ მათმა მომხრეებმაც არ იცოდნენ. მათი თქმით, პრიორიტეტი იმ „ბიუროკრატიული“ ბარიერების თავიდან აცილება იყო, რომლებიც პარტიების რეგისტრირების დროს ხშირია ხოლმე, ხოლო ძველი სახელით - „კონსერვატიული მოძრაობით” - ხელახლა რეგისტრირება „არ გარისკეს”. “ავიღეთ “ქართული ოცნების” წესდება, ანუ ერთ-ერთში, ესე ვთქვათ, copy-paste-ით და წერტილ-მძიმით, ზუსტად იმდენივე პოლიტსაბჭოს წევრით - 14-ია, თუ არ ვცდები - და ჩავაბარეთ [საჯარო რეესტრს]", - ამბობს მორგოშია. მისივე თქმით, დოკუმენტების დახარვეზების თავიდან ასარიდებლად, პარტიის ლოგოდ მიუთითეს წრიულად დაწერილი „კონსერვატორები საქართველოსთვის”, ორი ჯვრის გამოსახულებით, შავ-თეთრ ფერებში. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სადავოდ მიჩნეული ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ალტ-ინფომ“ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და საპარლამენტო წარმომადგენლობა ვერ მოიპოვა. არჩევნებში მან მონაწილეობა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიით და ამავე საარჩევნო სუბიექტის სახელით მიიღო. საერთო სიით გასულმა რამდენიმე კონსერვატიულმა ჯგუფმა, ოფიციალური შედეგების მიხედვით, მხოლოდ 2,44% (50 599 ხმა) მიიღო. „ალტ-ინფო” „პატრიოტთა ალიანსს” საარჩევნოდ მას შემდეგ შეუერთდა, რაც შარშან, აპრილში, საჯარო რეესტრმა მათ პარტიას, „კონსერვატიულ მოძრაობას”, რეგისტრაცია გაუუქმა. კონსტანტინე მორგოშიამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ - იქნება ეს განმეორებითი არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩევნები. მისი თქმით,“პატრიოტთა ალიანსთან” აღარ თანამშრომლობენ და ამას აღარც განიხილავენ. ასევე ნახეთ საპარლამენტო არჩევნებისთვის "ალტ-ინფოს" "კონსერვატიული მოძრაობა" "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა "ალტ-ინფოს" ჯგუფის ორგანიზებით თბილისში გაიმართა არაერთი აქცია, რომლებიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ ...